შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ნაწილში ცვლილებები იგეგმება.

როგორც გორგოძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე გეოგრაფიის ტესტებს შეეხება.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

„გვაქვს მცირე სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის 2022 წლის საგამოცდო ტესტის ფორმატში. ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც. საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით პერიოდულად იცვლება. სიახლეები მიზნად ისახავს ტესტის კიდევ უფრო მეტ დახვეწასა და სრულყოფას. გარდა ამისა, ცვლილებები მიმართულია ერთი და იმავე ფორმატით გამოცდის ჩატარებისას მოსალოდნელი კლიშეებიისა და ტრაფარეტების დამკვიდრების თავიდან ასაცილებლად, რათა აბიტურიენტებმა უკეთ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა“, – აღნიშნა გორგოძემ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: ტექსტის რედაქტირება; წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად). ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად.

რაც შეეხება გეოგრაფიის ტესტს, NAEC-ის ცნობით, რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას.

„ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

2022 წელს ცვლილებები სხვა საგნების საგამოცდო ტესტებში არ იგეგმება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ვთხოვთ აბიტურიენტებს, რომ არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“, – აღნიშნულია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი