ესპანეთის სამხრეთ სანაპიროზე ალჟირელი არალეგალი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა. შედეგად 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ Le Figaro ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ესპანეთის სანაპირო დაცვამ ორი მიგრანტის გადარჩენა შეძლო. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

სამაშველო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ნორვეგიულმა მცურავმა გემმა განაცხადა, რომ მან ესპანეთის პროვინცია ალმერიას სანაპიროდან რამდენიმე საზღვაო მილის დაშორებით ალჟირელი მიგრანტი გადაარჩინა.

კიდევ ერთი მიგრანტი გადაარჩინა ვერტმფრენმა, რომელიც ამ რაიონში გაიგზავნა.

ორმა მიგრანტმა აღნიშნა, რომ ისინი და 12 სხვა მიგრანტი ნავში გასულ კვირას ჩასხდნენ. ესპანეთისკენ მიმავალ გზაზე ნავის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და ის გადაბრუნდა.