დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მისი თქმით, სკოლებში რეკომენდაციებს სათანადოდ იცავენ, ხოლო თუ მასწავლებლების 80 პროცენტი აიცრება, სკოლების დახურვის საფთხეც აღარ იქნება.

„სკოლებში საკმაოდ კარგად იცავენ რეკომენდაციებს, რაც სამინისტროების მიერ არის დაწესებული. სასურველია და სულ მოწოდებაა საჭირო, რომ მეტი მასწავლებელი აიცრას. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა კორპუსი სხვა პროფესიულ ჯგუფებთან შედარებით, უფრო მაღალი მოცვით არის აცრილი, ეს საკმარისი არ არის. სასურველია, რომ მასწავლებლებში 80%-ან მოცვაზე მივიდეთ ისევე, როგორც ბავშვების მშობლებში. თუ ეს ორი რეკომენდაცია შესრულდება, აიცრება მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე სკოლის მოსწავლეთა მშობლების 80%, მაშინ სასწავლო პროცესს არავითარი საფრთხე არ დაემუქრება“,-განუცხადა ამირან გამყრელიძემ სააგენტო “ინტერპრესნიუსს”.

რაც შეეხება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების შესაძლო დაწესების საკითხს, მისი განმარტებით, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნება და ის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, ისევ შეზღუდვების დაწესებაა მოსალოდნელი.

„დღეს მთავარი იარაღი არის აცრა. სამწუხაროდ, ყოველდღიური აცრის რაოდენობა დაცემულია, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, აცრის მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. ხვალ აცრის მარათონი იწყება ქვეყანაში და ვნახოთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება“,-განაცხადა გამყრელიძემ.