მოგეხსენებათ, ExclusiveTV აქტიურად აშუქებს ემიგრანტებთან დაკავშირებულ ამბებს და ცდილობს მიაწოდოს მათ საჭირო ინფორმაცია. რედაქციაში შემოვიდა არაერთი თხოვნა, მოგვეძიებინა ინფორმაცია უფასო ენის კურსების შესახებ, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის.

ჩვენ ვესაუბრეთ ქრისტიანული საზოგადოება “სანტ’ეჯიდიოს” ფლორენციის წარმომადგენელს და ქვემოთ მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას “სანტ’ეჯიდიოს” მიერ ორგანიზებული ენის უფასო კურსების შესახებ, მთელი იტალიის მასშტაბით.

მანამდე კი გეტყვით, რომ საზოგადოება “სანტ’ეჯიდიო” 1968 წლიდან არსებობს და საქველმოქმედო საქმიანობას არამხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს კიდევ 70 ქვეყანაში ახორციელებს.

რაც შეეხება იტალიური ენის კურსებს ემიგრანტებისთვის, ინიციატივას 80-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ შეუფერხებლად ფუნქციონირებს. დაწყებით ეტაპზე, მხოლოდ ენის საბაზისო კურსები იყო, მაგრამ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მაღალი დონეებიც დაემატა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიური ენის შესწავლის მსურველს, არამხოლოდ საბაზისო ცოდნის მიღება, არამედ უკვე ნასწავლის დახვეწა და გაუმჯობესებაც შეუძლია. ყოველი კურსის დასასრულს, ტარდება გამოცდა და გადალახვის შემთხვევაში, გეძლევათ სერტიფიკატი, რომელიც შემდეგ იტალიაში ბინადრობის ხანგრძლივი უფლების, ან მოქალაქეობის მისაღებად გამოგადგებათ (კურსის დონის მიხედვით), რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის აკრედიტებული.

ენის კურსების მისამართები, ქალაქების მიხედვით სანახავად იხილეთ ამ ლინკზე

დატოვეთ კომენტარი