საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ახალი და აღდგენილი მიმართულებების მატებასთან ერთად, ახალი სერვისებიც ემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება  ქართულ კერძებზე ორიენტირებულ კვების ობიექტებს იწვევს.

„ვმუშაობთ კონკრეტულ პროექტზე, რაც გულისხმობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი ქართული სამზარეულო. ეს ნიშა ჯერჯერობით შესავსებია და ვიწვევთ დაინტერესებულ კომპანიებს თანამშრომლობისათვის. უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, უმნიშვნელოვანესია სწორედ ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, განსაკუთრებით კი იმერეთის რეგიონში. აეროპორტი ჩვენი ქვეყნის სახეა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რითიც ვამაყობთ შესაბამისად და სათანადოდ იყოს წარმოდგენილი – ეს არის მგზავრის პირველი და ბოლო შთაბეჭდილება ჩვენი ქვეყნის შესახებ.

შესაბამისად, კომერციული ფართების დაგეგმარების პროცესში ეს ხედვა გათვალისწინებული იქნება. ამ ეტაპზე, სპეციალურად ქართული ბრენდებისთვის აეროპორტის ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც საპასპორტო კონტროლამდე – ულამაზეს ტერასასთან, ასევე საპასპორტო კონტროლის შემდგეგ გვაქვს გამოყოფილი ფართები საკვები ობიექტისთვის. აღნიშნული ორი ფართის გაერთიანება, ბიზნესისთვის ხელმისაწვდომ ფასად, ობიექტების ოპერატორს საშუალებას მისცემს მომხმარებელს, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება არამხოლოდ მგზავრი, არამედ დამხვედრიც და გამცილებელიც, მისი პროდუქტი შესთავაზოს ტერმინალის ორი ყველაზე დატვირთულ და ცხელ წერტილში“, – აცხადებს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი

მისი თქმით, აეროპორტების გაერთიანება ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დივერსიფიცირებული პროდუქცია თუ სერვისი შესთავაზოს ქუთაისის აეროპორტის მგზავრს, ასევე, ხელი შეუწყოს ქართული კომპანიების აეროპორტში მაქსიმალურად წარმოჩენას. მსგავსი მიდგომა კომპანიის ხედვით გააძლიერებს არამხოლოდ აეროპროტის შეთავაზებას, არამედ არის შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის გააფართოვონ მოცვის არეალი და გაზარდონ ბრენდის ცნობადობა.