ნედლეულის დეფიციტისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის პარალელურად, პორტუგალიაში, ისევე როგორც ევროპის სხვა დანარჩენ ქვეყნებში, ტექსტილის მწარმოებლები შიშობენ, რომ კრიზისი გარდაუვალია, რამაც შეიძლება ბიზნესების გაკოტრება და სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. ამის შესახებ Euronews-ი წერს. გამოცემის ცნობით, ამბობენ, რომ წარმოების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და მიწოდების ჯაჭვშიც ქაოსია. ჩინეთიდან და სირიიდან მასალის ტრანსპორტირება, არა ორჯერ ან სამჯერ, ზუსტად ათჯერ არის გაძვირებული და დროშიც იწელება, ანუ ხშირად საჭირო მასალის დანიშნულების ადგილზე ჩატანას ოთხ თვეს ანდომებენ, ხოლო მწარმოებლები ვერ აკონტროლებენ თუ როდის იქნება ადგილზე.

ასევე ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიაში პორტუგალიურ ქარხნებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასობით ათასი ევროთი მეტის გადახდა მოუწიათ. ბამბის ფასი, რომელიც სექტორს ძალიან სჭირდება, ბოლო 12 თვეში 70%-ზე მეტით გაიზარდა. ამიტომაც ადგილობრივი ბიზნესმენები დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ და სთხოვენ მათ გადასახადების შემცირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიზნესების დახურვა გარდაუვალი გახდება.

არსებულ ვითარებაში, ტექსტილის ქარხნების მფლობელების თქმით, სამომხმარებლო ფასებიც მკვეთრად გაიზრდება, როგორც საყოფაცხოვრებო ტექსტილზე, ასევე ცნობილი ბრენდების ტანსაცმელზე.

გარდა ამისა, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად იზრდება, რამაც თითქმის მთლიან კონტინენტზე ისეთი ენერგოკრიზისი გამოიწვია, რომლის მსგავსიც 70-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა. უფრო კონკრეტულად, Intercontinental Exchange-ის მონაცემებით, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 600%-ით გაიზარდა. ევროკომისიის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის ფასი 200%-ითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. ამასთან, ნავთობის ფასი 3-წლიან მაქსიმუმზეა, იზრდება ქვანახშირის ფასებიც. Euronews-ის თანახმად, ევროპაში ყველაზე მაღალი ფასები ელექტროენერგიაზე საბერძნეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ხორვატიაშია – 1 მგვტ.სთ-ზე 230 ევროს ფარგლებში. გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში კი ფასი 1 მგვტ.სთ-ზე 75 ევროს ფარგლებშია.

წყარო bm.ge