ბოლო 5-6 დღეა კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეინიშნება, თუ ეს მეხუთე ტალღის დასაწყისია, ეს ნიშნავს, რომ საწყისი ციფრები მეხუთე ტალღისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე ეს იყო მეოთხე ან მესამე ტალღის დასაწყისში, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნული სიტუაცია ძალიან საყურადღებოა, რადგან გარდა კორონავირუსის შემთხვევების მატებისა, ქვეყანა თანდათან შედის ცივ პერიოდში, რომლისთვისაც დამახასიათებელია სხვა რესპირაციული ვირუსების გააქტიურებაც, მათ შორის ყველაზე მთავარია გრიპის ვირუსი.
„მიმდინარე კვირაში დაიწყება გრიპის საწინააღმდეგო აცრები და ასევე თუ არ გააქტიურდა COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ძალიან დიდი საშიშროება იქნება სიტუაციის გაუარესების“, – აღნიშნა მან.

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ დელტა შტამს ახასიათებს ე.წ. ორთვიანი ციკლები და სავარაუდოდ, ეს ორთვიანი ციკლი იწყება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ.

„აცრის გარეშე ეს ეპიდემია არ დასრულდება და გვექნება ისევ და ისევ სავალალო შედეგები, რომელიც იმოქმედებს პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე, გვექნება ადამიანური დანაკარგი და იძულებული იქნება ქვეყანა შემოიღოს მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 30,5%-ია ვაქცინირებული, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. მან ყველა დამსაქმებელს მიმართა, მოიკითხონ, როგორია მათ დაწესებულებებში აცრის მაჩვენებელი.

„შესაძლოა შემთხვევების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამას მოჰყვება აქტიური შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და ყველა ის თანმდევი მოვლენა, რაც ახასიათებს კოვიდვითარების გაუარესებას. შეჩერების ერთადერთი გზა არის აცრების სერიოზული ინტენსიფიცირება. თუ იქნება ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, მერე დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციის გამკაცრებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, ეპიდემიოლოგების განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის კლებაა – აცრილთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია1.871.116 აცრა. ამ ეტაპზე თუნდაც ერთი დოზით აცრილია 1.000.102 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,2%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 871.014 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 30,5%. 9 ოქტომბერს აიცრა 6.964 ადამიანი.
COVID-19 – ბოლო ცნობები

დატოვეთ კომენტარი