exclusive TV -ი იტალიურ მედია პორტალ glistranieri.it ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფაქტი ტრენტოს პატარა პროვინცია დენოში მოხდა. რამდენიმე დღის წინ, კარაბინერებმა მორიგი კონტროლის დროს, საბუთების წარდგენა სთხოვეს წარმოშობით სენეგალელ გარემოვაჭრეს, რომელმაც სამართალდამცველებს პასპორტი წარუდგინა, მაგრამ კარაბინერებში ეჭვი იმან გამოიწვია, რომ პასპორტში არავითარი ვიზა ფიქსირდებოდა.

ამის შემდეგ, მამაკაცმა მათ იტალიაში ბინადრობის ნებართვის მოლოდინის, ე.წ. „სანატორიის“ ქვითარი აჩვენა და განუმარტა, რომ ერთ-ერთი თანამემამულის ოჯახში, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს, მომვლელად მუშაობდა.

კარაბინერებმა კოლეგების საშუალებით სენეგალელის მიერ აღნიშნული მისამართი გადაამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ მითითებულ მისამართზე არავინ ცხოვრობდა.

ახლა ცრუ „ბადანტეს“ და მის „დამსაქმებელს“ სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევთ, საბუთების გაყალბების ბრალდებით.