ძალადობისა და წამების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია” აცხადებს, რომ თანახმაა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელ პარიტეტულ სამედიცინო კონსილიუმში მონაწილეობაზე.

განცხადებას emigrantebi.ge/ უცვლელად გთავაზობთ:

სტატიის სრულად სანახავად გახსენით დაბლა მითითებული ბანერი

“გუშინ (16/11/2021წ.) საღამოს, ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით გაიმართა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელი პარიტეტული სამედიცინო კონსილიუმის შექმნის თაობაზე. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს პარიტეტულ კონსილიუმში მონაწილეობის მიღება.

წინამდებარე განცხადებით ცენტრი “ემპათიას” ექსპერტთა ჯგუფი საჯაროდ ვაფიქსირებთ მზაობას მივიღოთ მონაწილეობა პარიტეტული პრინციპით შექმნილ კონსილიუმში. იმ დათქმით, თუ ეს კონსილიუმი შეიქმნება დაუყოვნებლივ და უზრუნველყოფილ იქნებ მისი დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურასთან შეუზღუდავად, ასევე მოხდება გადაწყვეტილებების მოკლე ვადაში მიღება და აღსრულება.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებიდან გასულია 47 დღე და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების შესახებ თითქმის არ ვფლობთ ინფორმაციას, არავინ გარდა პენიტენციური სამსახურისა. ჩვენს ხელთ არსებული სამედიცინო ისტორია 3 ნოემბრით სრულდება. 2021 წლის 13 ოქტომბერს ხელისუფლების მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი ბოლოს ნახა 03 ნოემბერს, ხოლო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არც სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, მისცემია მისი მონახულების შესაძლებლობა. სამი დღის წინ კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ გლდანის ციხის საავადმყოფოსთან და სურდათ პაციენტის ნახვა, თუმცა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაწესებულების ადმინისტრაციამ უთხრა ციხეში შესვლაზე უარი იმ მოტივით რომ სამუშაო საათები ამოწურული იყო. იგივე მოტივით, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ უარით გამოაბრუნეს ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში არ იქნა დაშვებული მიხეილ სააკაშვილთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა შეწყვიტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების მიღება. აღნიშნული გარემოებები ცალსახად უთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულება და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გარკვევა, პარიტეტული სამედიცინო კონსილიუმის მიერ უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ყოველი დაკარგული დღე ან საათი შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

შესაბამისად, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას, თუ თქვენი ნამდვილი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გთხოვთ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში მოაგვაროთ პარიტეტული კონსილიუმის შექმნის ფორმალური მხარე და დღესცე, მიეცეს შესაძლებლობა პარიტეტულ კონსილიუმს განახორციელოს ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან, რათა მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მე-18 დაწესებულებაში არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების პოსტ-შიმშილობის მართვის შესაძლებლობასთან შესაბამისობის დადგენა. ხოლო, 2021 წლის 18 ნოემბერს კი, კონსილიუმმა ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სად და რა პირობებში უნდა გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და როგორი იქნება მისი შიმშილობის შემდგომი მკურნალობის გეგმა. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იყოს სავალდებულო შესასრულებლად და დაუყოვნებლივ აღსრულდეს.

ხოლო, იმ შემთხვევაში თუკი ამ განცხადებზე არ მოვისმენთ გამოხმაურებას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან უახლოეს რამდენიმე საათში, ჩავთვლით, რომ გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებული შეთავაზება, მიზნად ისახავს არა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვას, არამედ აღნიშნულის იმიტაციას და დროის გაყვანას, რაში მონაწილეობის მიღების სურვილის ნამდვილად არ გვაქვს.

გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ჩვენს ამ პოზიციაზე მიღებული გვაქვს ასევე თანხმობა მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატებისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი