ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს სტამბულში მცხოვრებ ერთ ნიჭიერ ქალბატონს გაგაცნობთ.
„ყოველი დაცემის შემდეგ სწრაფად ვდგები, ტანსაცმელს ვიფერთხავ, გადაყვლეფილ მუხლებს ვისრეს, გვირგვინს ვისწორებ და გზას ვაგრძელებ“ – ამ გზაზე და რთულ დღეებში პატარა სასწაულების რწმენა და კიდევ ყველაფრის გაშარჟება შველის. მერე საკუთარ ფიქრებს საქვეყნოდ „ახმოვანებს“ ხოლმე, რათა ბევრი რამ სხვებსაც გაუადვილოს.

ქრისტინე ცირეკიძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ხუთი უცხო ენა იცის. ამჟამად სტამბულში ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის გაყიდვების მენეჯერი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია. მართალია, ვაჭრობის სფერო მისი შემოქმედებითი ნატურისგან საკმაოდ შორსაა, სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევას მაინც ყოველთვის ახერხებს…

– ქრისტინე, თავიდან გაიხსენეთ, ადრე როგორი იყავით და რა არ შეიცვალა თქვენში?

ქრისტინე ცირეკიძე

– ადრე არაპოპულარული გოგო ვიყავი ყოველთვის: მსუქანი + ხუთოსანი + მასწავლებლის შვილი. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა ჩემი გარეგნობიდან დაწყებული, აზრებით დამთავრებული. უცვლელი დარჩა იმედი და ბავშვური რწმენა. დღეს უკვე ვიცი, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, უბრალოდ, მზის სხივი რთულად აღწევს მჭიდროდ ჩარაზული დარაბების მიღმა. მზად უნდა იყო სიახლეების მისაღებად. გჯეროდეს, რომ სასწაულები ხდება, ბავშვური გულუბრყვილობით გჯეროდეს და აუცილებლად მოხდება.

– საქართველოში რა გზა გაიარეთ და უცხოეთში როდის გადაწყვიტეთ ახალი ცხოვრების დაწყება?

– თბილისში ჯერ თეატრალური უნივერსიტეტი, მერე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურა დავამთავრე ხელოვნებათმცოდნეობის განხრით. ცოტა ხნით გაზეთში „ახალი 7 დღე“ ვმუშაობდი. თეატრალურ დასშიც ვიყავი, პარალელურად გოეთეს უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ქუთაისში მაგისტრატურის შემდეგ დავბრუნდი და მინდოდა მუშაობის დაწყება, სტაჟირებაზეც ვიყავი მერიაში, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ დროს ვკარგავდი. ხელის წამშველებელი არავინ მყავდა. მივხვდი, რომ ფეხზე მყარად დგომა დამოუკიდებლად უნდა მესწავლა. ამიტომ გადავწყვიტე უცხოეთში მომესინჯა საკუთარი შესაძლებლობები. გაგრძელება იხილეთ აქ